საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 225 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი – გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1000-ს შეადგენს.

„ერთის გარდა, ცნობილია ყველას ინფიცირების წყარო, რომელზეც ახლა კვლევა მიმდინარეობს. ერთი სოფელ გაჩიანის კლასტერიდან არის, გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან. სამი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ორი სამედიცინო პერსონალია. ორი არის იმპორტირებული, მათ შორის, სატვირთო ავტომობილის მძღოლია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში ამჟამად იმყოფება 7068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ – 250.