საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 44 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 264-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 44-ით გაიზარდა და 1054-ს შეადგენს.

UPDATE: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 44 პირიდან უმეტესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი ქართველი სამხედროები არიან.

„გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა 44-ით. იყო 1010 და ახლა არის 1054. 44 გამოჯანმრთელებულიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან. დანარჩენები კი, ჩვენს ქვეყანაში დაინფიცირებული პირები“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 6930 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 263.