საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 385 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 20-ით გაიზარდა და ამჟამად 1 128-ს შეადგენს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ოთხი ლენჯერს უკავშირდება, ექვსი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, სამი შემოტანილია, ორი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

„კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევიდან ოთხი ინფიცირებულის წყარო არის ლენჯერი, ექვსი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, სამი შემოტანილია, ორ შემთხვევაზე კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით, ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232.