სოფელ ყარაჯალარში მოსახლეობას საჭიროების მიხედვით სურსათს ურიგებენ

გარდაბანში მოსახლეობას საჭიროების მიხედვით სურსათს ურიგებენ და ამ პროცესში წითელი ჯვარიც ჩართულია, – ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა დაუდასტურა.

„წითელი ჯვარი ძალიან აქტიურად გვიდგას მხარში სურსათის დარიგების პროცესში. გუშინ ნაწილი, 85 სასურსათო ნობათი გაიცა ადგილობრივ მოსახლეობაზე და ეს დღესაც გრძელდება“, – აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.

TV4 დაინტერესდა თუ როგორ მიმდინარეობს ადგილობრივ ბაზრებში საკარანტინე სივრცეში მოქცეული სოფლიდან პროდუქტის რეალიზება. საკითხზე ქვემო ქართლის რწმუნებულმა განაცხადა, რომ ამ კუთხით მოსახლეობის აქტივობა მაღალი არ არის.

“ველოდით, რომ სულ მცირე, ათი ეკიპაჟი მაინც იქნებოდა საჭირო ჩაკეტილი სოფლიდან პროდუქტის რეალიზაციის განსახორციელებლად, მაგრამ აქტივობა მაღალი არ არის და ამ პროცესში დაახლოებით 2-3 ადამიანი არის ჩართული. თუმცა, თუ იქნება სურვილი, ჩვენ უზრუნველვყოფთ ტესტირებას და მოსახლეობა პროდუქციის გატანას შეძლებს ისე, რომ ვირუსი არ გავრცელდება სხვა ტერიტორიებზე“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.