თუ გვინდა შევცვალოთ ხელისუფლება, შევცვალოთ ოპოზიცია, – ამის შესახებ პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
სოციალ-დემოკრატები – საქართველოს განვითარებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს არ დააყენებენ. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ამის მიზეზი ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეების ხმების არგაყოფაა.
„ურთიერთბრალდებებმა და კინკლაობამ ჩვენი ყოველდღიური რეალობა წალეკა. ამ ფონზე შეუძლებელია ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე მსჯელობა, რაც დამღუპველია საქართველოს მომავლისა და განვითარებისთვის. თუ გვინდა შევცვალოთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და ხელისუფლება, უნდა შევცვალოთ ოპოზიცია. ჩვენი მიზანია, ქვეყნის პოლიტიკური ელიტის რადიკალური ცვლილება. „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ არ წარვადგენთ ჩვენი პარტიის კანდიდატებს მაჟორიტარულ ოლქებში და მოვუწოდებთ ამომრჩეველს, მხარი დაუჭიროს „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგე კანდიდატს. ჩვენ მთელ ძალებს მივმართავთ პროპორციული სიით მაღალი შედეგის მისაღწევად. ვფიქრობთ, რომ პარლამენტში მოვხვდებით სერიოზული წარმომადგენლობით და გადამწყვეტ გავლენას მოვახდენთ ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, პარტია 14 სექტემბერს წარადგენს საარჩევნო პლატფორმასა და პოლიტიკური გუნდის წევრებს, რომლებიც პარტიის პროპორციულ სიაში იქნებიან.
„ჩვენი გუნდის წევრები გამოცდილი პოლიტიკოსები, დარგის მაღალი დონის სპეციალისტები არიან. იქამდე კი ამომრჩეველს ვეუბნებით – თუ გინდათ შევცვალოთ საქართველოს მომავალი, მხარი დაუჭირეთ პარტიას „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.