უამინდობა საქართველოს რეგიონებში-სტიქიამ კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი დააზარალა

უამინდობა და უხვი ნალექი საქართველოს რეგიონებში- სტიქიამ ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. 

როგორც ცნობილი ხდება, ძლიერი გადაუღებელი წვიმის გამო, არხმა წყლის ნაკადი ვერ გაატარა, რამაც დატბორვა გამოიწვია. ზოგიერთ უბანში დაიტბორა ეზოები, სიმინდის ყანები და თხილნარი. ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ვითარებას ეცნობიან. 

ცნობისთვის, უხვი ნალექის გამო, დაზარალებულ ლენტეხის ორ სოფელში, მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ სოფლებში გზა სრულად გაიწმინდა, ხოლო დანარჩენ სოფლებში სპეცტექნიკა ამ დრომდე მუშაობს და საავტომობილო გზების აღდგენითი სამუშაოები სრულდება. 

ამასთან, დღეს რამდენიმე ქუჩა დაიტბორა ბათუმშიც. პრობლემები შეიქმნა ხიმშიაშვილის, ლერმონტოვის, შავშეთის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე.

 

გადაუღებელი წვიმის შედეგად, დაზარალდა  ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი კასრისწყალი და სოფელთან მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი დაიტბორა.

როგორც ცნობილი გახდა,  წყალი რამდენიმე საცხოვრებელი სახლის და საჯარო სკოლის შენობის სარდაფსა და პირველ სართულზეც შევარდა. დაზიანდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

დაზარალებული რეგიონების ნაწილში , შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ამ დრომდე მუშაობენ.