“ქართლი ტექსტილის” საწარმოში დასაქმების მსურველთათვის ტრენინგ-ცენტრი გაიხსნა

“ქართლი ტექსტილის” საწარმოში დასაქმების მსურველთათვის ტრენინგ-ცენტრი გაიხსნა, სადაც კომპანია, საწარმოში დასაქმების მსურველთათვის გადამზადების 20 დღიან პროგრამას ახორციელებს.

 

დღეს საწარმოში ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა იმყოფებოდა და ტრენინგ-ცენტრში მიმდინარე სწავლების პროცესს გაეცნო. ამ ეტაპზე, საწარმოში ტრენინგს, დასაქმების მსურველი 50-ზე მეტი რუსთაველი გადის. ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, კი ისინი ,,ქართლი ტექსტილში’’ დასაქმდებიან. გადამზადების კურსი შედგება ორი ეტაპისაგან: დილის და საღამოს. ის ადამიანები, რომლებიც სრული დატვირთვით ვერ იმუშავებენ, ნახევარ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

 

შეგახსნებთ, სამკერვალო საწარმოს პრეზენტაცია გასულ თვეში გაიმართა. „ქართლი ტექსტილს’’ რუსთავში გაგარინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. აღნიშნული საწარმო თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma და ა.შ.

როგორც tv4-ისთვის ცნობილია, ინვესტიციის საერთო მოცულობა 20 მილიონი ლარია, საიდანაც ნახევარი (10 მლნ) ეკონომიკის სამინისტროს – „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხია. პირველ ეტაპზე საწარმოში 1000-დან 1500-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო მეორე ეტაპზე მათი რაოდენობა 3000-მდე გაიზრდება.