ქვემო ქართლში საერთაშორისო ფესტივალი „ერთიანი კავკასია” გაიმართა

ქვემო ქართლის რეგიონმა, ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალს „ერთიან კავკასიას“ მეშვიდედ უმასპინძლა – წლევანდელმა აქტივობებმა სოფელი წერაქვი, დაბა შაუმიანი, სოფელი შულავერი, დაბა სადახლო და დაბა კაზრეთი მოიცვა.

ტრადიციული, ინტერნაციონალური ღონისძიების მიზანს, კავკასიელი ახალგაზრდების შეხვედრებისთვის შთამაგონებელი სივრცის შექმნა წარმოადგენს.

სამკვირიანი მოხალისეობრივი პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა ხელოვანებმა, მუსიკოსებმა, არქიტექტორებმა და ტრენერებმა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ადგილობრივების მონაწილეობით, შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობები განახორციელეს.

 „ერთიანი კავკასიის ქალაქში”  , სპეციალურად მოწყობილ კინოთეატრში, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმების ჩვენება ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ფესტივალი, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სპეციალურად მცირე მასშტაბით და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმების დაცვით აღინიშნა.