გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ზ.ხ.-მ და მისმა ადვოკატმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომა დატოვეს.
ბრალდებული არასრულწლოვანის ზ.ხ.-ს ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, პროცესის მიმდინარეობისას არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა, თუმცა სასამართლომ სხდომის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც, მათ პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
,,ზ.ხ. ს ჰქონდა თავბრუსხვევა და ხელები და ფეხები დაბუჟებული. მან ვერ შეძლო პროცესზე მონაწილეობის მიღება, მისი სურვილია, რომ დასვას კითხვები იმ მოწმეებთან მიმართებით, რომლებიც იკითხებიან ამ არსებით სხდომებზე.
პროკურატურამ მოითხოვა საქმის გაგრძელება მიუხედავად იმისა, რომ ზ.ხ. – ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და თავს ცუდად გრძნობდა. ზ.ხ. – მ დატოვა სასამართლო სხდომის დარბაზი, ვინაიდან ისევ შეუძლოდ გახდა და მეც მთხოვა დამეტოვებინა სასამართლო პროცესი და არ მიმეღო ამ ფარსში მონაწილეობა. ახლა სასამართლო ალბათ იმსჯელებს რა გააკეთოს, გააგრძელოს თუ არა პროცესი ზ.ხ.-ს და მისი ადვოკატის გარეშე,” – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, არასრულწლოვანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შიმშილობას აგრძელებს.