შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

5 ბრალდებულს გამოძიება ჯგუფურ ძალადობასთან ერთად, ახლა უკვე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასაც ედავება.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.  მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს” ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.