რუსთაველმა მოქალაქემ TV4-ს მიაწოდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ რამდენიმე ახალგაზრდას, რომელთა შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია, პოლიტიკური პარტია – „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატები უჭირავს. როგორც ახალგაზრდები ამბობენ, ქალაქის ქუჩებში გაკრული თითოეული საარჩევნო პლაკატის სანაცვლოდ, ანაზღაურების სახით 12 თეთრს იღებენ.
პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ რუსთავის ქუჩებში „ევროპული საქართველოს პლაკატებს“ მოხალისეები აკრავენ და ისინი შრომის სანაცვლოდ ანაზღაურებას არ იღებენ.
რუსთავის ზედამხედველობის სამსახურის იურისტის მაია კიკალიშვილის განცხადებით, განკარგულების გამოცემამდე საარჩევნო პლაკატების განთავსება ითვლება აკრძალულად. მისივე თქმით, საარჩევნო პლაკატების განთავსებისთვის ნებადართულ და აკრძალულ ადგილებთან დაკავშირებით, განკარგულებას საკრებულო გამოსცემს.
შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თუ ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაგზავნილ გაფრთხილებას პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან რეაგირება არ მოჰყვება, პარტიები პირველ ჯერზე 50 ლარით, ხოლო განმეორებითი ქმედების შემთხვევაში 500 ლარით დაჯარიმდებიან.