1-ელ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდება

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ავტომობილების განბაჟების გადავადებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით,ავტოიმპორტიორებს 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის პირველ მარტამდე გადაუვადდებათ.

„პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ვერ შეძლეს 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტის ან სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ასევე თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, შეღავათი 24 000-ზე მეტ მანქანის მფლობელს  შეეხება და გადავადებული გადასახადების ოდენობა 35 მილიონ ლარს შეადგენს.

2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა ავტოიმპორტიორებს აქამდე პირველ სექტემბრამდე ჰქონდათ გადავადებული.

„განბაჟების ვადის 2021 წლის პირველ მარტამდე გადავადება, ხელს შეუწყობს აღნიშნულ სექტორში დასაქმებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და მათ აღარ დაეკისრებათ დამატებითი ფინანსური ვალდებულებები“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების თარიღის გადავადების დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გასცა.