ISFED-მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებები წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევაა

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მონიტორინგის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის მაგალითად ანგარიშში მეუფე გიორგი ჯამდელიანი განცხადებებია მოყვანილი.

“მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, 26 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის – “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის პარლამეტში შესვლას. მრევლისადმი მიმართვის სახით კი დაამატა, რომ ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის და ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ეკლესიის მაღალი იერარქია და მისი სიტყვები, მოსახლეობაში, აღიქმება როგორც ეკლესიის პოზიცია”, – წერია ანგარიშში.

ორგანიზაცია რეკომენდაციას აძლევს რელიგიურ ორგანიზაციებს, რომ წირვა-ლოცვისას, არ გამოიყენონ თავიანთი გავლენა მრევლსა და მორწმუნეებზე და არ მიმართონ პოლიტიკურ აგიტაციას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან/და საწინააღმდეგოდ.

ISFED-მა 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში დღეს, 4 აგვისტოს წარადგინა. ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 5 ივლისამდე დაიწყო.