ბათუმის ბულვარში განთავსდება კარვები, სადაც მოქალაქეებს ნებაყოფლობითი ტესტირება შეეძლებათ

ბათუმის ბულვარში დაიდგმება კარვები, სადაც დამსვენებლებს კორონავირუსზე ნებაყოფლობითი ტესტირების გავლას შესთავაზებენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ტესტირებით გაირკვევა, რამდენად ტრიალებს რეგიონში ვირუსი.

„ვფიქრობთ და ვმუშაობთ საკითხზე, რომ თვითონ ბათუმის ბულვარში ორი კარავი დაიდგას და ნებაყოფლობით ადამიანებს შევთავაზოთ ტესტირება. ზოგადად მეტი ყურადღება გვჭირდება. აქტიურია ტურიზმის სეზონი აჭარაში, ასევე აქტიურია სხვა ჩვენთვის მიმზიდველ ტურისტულ რეგიონებში და რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებები ყველგან უნდა გავატაროთ. ის მოწოდებები, რასაც ვსაუბრობთ, ნიღბის გამოყენება, დისტანციის დაცვა, ხელების დაბანა და დამუშავება, დიდი თავშეყრის ადგილების თავიდან აცილება – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, რადგან ახლა აქტიური სეზონია, ადამიანების მობილობა გაზრდილია, ფრენები მომატებულია, ტურისტები შემოდიან ქვეყანაში და მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ინფექციის გავრცელების პრევენცია,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.