მსჯავრდებულმა ლითონის ნივთები გადაყლაპა-პენიტენციური სამსახურის განმარტება

 ინფორმაცია, თითქოს, მსჯავრდებულის მიმართ N6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას ჰქონდა ადგილი,  სიმართლეს არ შეესაბამება – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ავრცელებენ.

მათივე ცნობით, ამჟამად, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სამოქალაქო კლინიკის მიერ დანიშნული პოსტოპერაციული თერაპია უტარდება.

2020 წლის 8 აგვისტოს მსჯავრდებულმა, საკარანტინო სივრცეში ყოფნის პერიოდში გადაყლაპა ლითონის ნივთები (სავარაუდოდ, საკანში არსებული ავეჯიდან მოხსნილი ჭანჭიკები), რის შემდეგაც მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გადაყვანილი იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და ქირურგიული ოპერაციის გზით მოხდა მოცემული უცხო სხეულების ამოღება. კლინიკიდან გაწერის შემდეგ, 2020 წლის 12 აგვისტოს, მსჯავრდებულმა უარი განაცხადა COVID-19 საკარანტინო სივრცეში გადაყვანაზე.

შესაბამისად, იგი დაბრუნდა სასჯელის მოხდის ადგილზე, N6 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამჟამად, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უტარდება სამოქალაქო კლინიკის მიერ დანიშნული პოსტოპერაციული თერაპია. რაც შეეხება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულის მიმართ N6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას ჰქონდა ადგილი, ის სიმართლეს არ შეესაბამება.

პატიმრის იდენტურ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელთანაც თანამშრომლობს სპეციალური პენიტენციური სამსახური და აწვდის მას ყველა საჭირო ინფორმაციას“,– აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის N6  სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმარმა თვითმკვლელობა პროტესტის ნიშნად სცადა. პატიმრის ოჯახის წევრების განცხადებით, მამაკაცს რუსთავის საპატიმროში ზედამხედველები ფიზიკურად უსწორდებოდნენ და თვითმკვლელობა სცადა, რადგან საპატიმროში დაბრუნება არ სურდა.

ინფორმაციისთვის, საკითხთან დაკავშირებით TV4 სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა. მათი განცხადებით, შესაძლო ძალადობის ფაქტზე სახალხო ინსპექტორის სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო და  საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. სახალხო დამცველის აპარატში საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.