“როგორც რიგითი რუსთაველი, მე კარგად ვიცნობ იმ პრობლემებს, რომლებიც არის დღეს რუსთავში და დარწმუნებული ვარ, სწორედ თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსთავის განვითარება გახდეს შეუქცევადი პროცესი“ – ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვიდგე აქ, ჩემს ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ცხოვრობს ჩემი ოჯახი, მეგობრებისა და ახლობლების უდიდესი ნაწილი. ქალაქი, სადაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი გავატარე. ალბათ ამიტომაც არის, რომ პატივთან ერთად, ეს არის დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, როგორც გუნდის, ასევე თქვენს წინაშე. როგორც რიგითი რუსთაველი, მე კარგად ვიცნობ იმ პრობლემებს, რომლებიც არის დღეს რუსთავში და დარწმუნებული ვარ, სწორედ თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსთავის განვითარება გახდეს შეუქცევადი პროცესი“, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.
“რუსთავში იქმნებოდა და დღესაც იქმნება არაერთი უნიკალური პროდუქტი, რომელიც როგორც ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე ქვეყნის ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ვფიქრობ, რუსთავის ამ პოტენციალის გამოყენებით შევძლებთ, ის ეკონომიკური წარმატება, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაიწყო, თითოეულმა რუსთაველმა იგრძნოს ოჯახში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ რუსთავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. ვთანხმდებით, რომ ჩვენი მოქალაქეები დასაქმებულები არიან საწარმოებში. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკოლოგია იყოს პირველ ადგილზე და ეკონომიკის განვითარება არ ხდებოდეს ეკოლოგიის ხარჯზე. ეკოლოგია იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.









