შატილის გზაზე დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია-ექიმის კომენტარი

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის  შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, სამივე პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება და მათი ჯანმრთელობის მდგომარობა ამ ეტაპზე, დადებითია. 

„პაციენტების მდგომარეობაში გუშინდელთან შედარებით დადებითი დინამიკა აღინიშნება. ორ მათგანთან წნევა გახდა სტაბილური, ანუ, შოკის კლინიკა მოიხსნა. კლინიკურ ლაბორატორიული მდგომარეობით და ასევე, ობიექტური მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია.

შემოსვლისას პაციენტების მდგომარეობა იყო კრიტიკული. კლინიკურად სახეზე იყო პოლიტრამვა, სიცოცხლესთან შეუსაბამო მდგომარეობით, რაც გულისხმობდა, რომ იყო მკვეთრი არასტაბილური გემორაგია, მძიმე ტრავმულ-გემორაგიული შოკი. ნევროლოგიური სტატუსი ფასდებოდა, როგორც სამი ქულა და იყო სამივე მათგანთან მწვავე რესპირატორული სინდრომი. ამ ეტაპზე მოხსნილია მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომის დიაგნოზი. ორ მათგანთან მოხსნილია ტრავმულ-გემორაგიული შოკის დიაგნოზი. ნევროლოგიური სტატუსი გაუმჯობესებულია. იმედია, ასეთი დადებითი კლინიკით გაგრძელდება მათი გამოჯანმრთელება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის ორი რუსთაველი ახალგაზრდაა, ერთი კი დაშავებულ ორ პაციენტთან ერთად, მკურნალობას საუნივერსიტეტო კლინიკაში აგრძელებს. 

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.