რუსთავის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა

რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი ხელმძღვანელობდა, დეპუტატებმა 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს.

 

როგორც მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა განმარტა, ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ,ქვეყნაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ცვლილებები საქართველოს კანონში – “საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ შევიდა, რის საფუძველზეც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პარამეტრები დაკორექტირდა.

კერძოდ, საგადასახადო შემოსავლების შესრულების დინამიკის გათვალისწინებით 4 846,3 ათ. ლარით შემცირდა გეგმა , თუმცა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 აგვისტოს N1570 განკარგულებით, რუსთავის მუნიციპალიტეტისათვის  ფინანსური დახმარება 3 100,0 ათ. ლარის ოდენობით გამოიყო, რამაც საგადასახადო შემოსავლებში დაფიქსირებული დეფიციტი 1 746,3 ათ. ლარამდე შეამცირა.

ასევე, შემოსავლების 330,0 ათ. ლარიანი დეფიციტური მაჩვენებლები დაფიქსირდა დასუფთავებისა და ტრანსპორტის მოსაკრებლების ნაწილში, სადაც მუნიციპალიტეტმა ზემოხსნებული მოსაკრებლების გადახდისგან მარტიდან მაისის ჩათვლით გაათავისუფლა შესაბამისი ბენეფიციარები.

საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვეფხვაძე განცხადებით, მიუხედავად ბიუჯეტის შემცირებისა, შიდა რეზერვებიდან დაფინანსება რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით გაიზარდა. კერძოდ, 

  •  მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემას დაემატა თანხები ახალი 40 ავტობუსისათვის საჭირო პროგრამული და ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად;
  •  გაიზარდა სტუდენტთა სწავლის დაფინანსების, სამედიცინო დახმარებების პროგრამები;
  •  გაიზარდა დასუფთავების, გამწვანებისა და სხვა მომუშავეთა ანაზღაურება;
  •  გაიზარდა ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება;
  •  გაიზარდა საცხოვრებელი სახურავების რეაბილიტაციის პროგრამა.

ინფორმაციისთვის, რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 62 500 400. ლარით განისაზღვრა.