საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, რუსთავში სიჩქარის კონტროლის ახალი სექცია ამოქმედდა.
21 აგვისტოდან მეგობრობის გამზირიდან, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩის კვეთამდე ორივე მიმართულებით ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ -ით განისაზღვრა. აღნიშნულ ლოკაციებზე სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერების შესახებ შესაბამისი საინფორმაციო ნიშნები უკვე დაიდგა. სიჩქარის კონტროლის მიზნით ამოქმედებული ახალი რეგულაციები მძღოლების ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. მათი აზრით, სიჩქარის გამკაცრებული კონტროლი ჯარიმების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.
განსხვავებული პოზიცია აქვთ მიმდებარე კორპუსების მცხოვრებლებს. როგორც ჩვენი რესპონდენტები აღნიშნავენ, ჭკვიანი კამერები ქალაქში საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ამავდროულად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ღამის საათებში გადაჭარბებული ხმაურის პრევენციასაც მოახდენს.
რუსთავის მერიის აპარატის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ფაქტი, რომ მეგობრობის გამზირზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილები ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაერთ პრობლემას ქმნიდა ადგილობრივი თვითმმართველობისთვისაც ცნობილია. ნინო ნიკოლავას განცხადებით, მოქალაქეების მხრიდან აღნიშნული საკითხი არაერთხელ იქნა დასმული. ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2020 წლის 21 აგვისტოდან ქვემო ქართლის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 16 სექცია ამოქმედდა.