რუსთავში ახალი ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

რუსთავში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი შენდება. სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყო და ნოემბერში უნდა დასრულდეს. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

,,სარაჯიშვილის ქუჩაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისიბაგა-ბაღი შენდება. პროექტის საერთო ღირებულება 1 მლნ. 300 ათასი ლარია. სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ორნამენტი“ ახორციელებს. ამასთანავე, წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ყველა ბაგა-ბაღში მიმდინარეობს ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოები, რისთვისაც 1 მლნ 184 465 ლარი იხარჯება, 394 934 ლარი იხარჯება ძველი კარ-ფანჯრების ახალი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით შეცვლის სამუშაოებზე“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ინფორმაციისთვის, ინფრასტრუქტურული სამუშაოები #32 და #34 საბავშვო ბაღებშიც მიმდინარეობს. სამუშაოები მარტში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 938 999 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს ,,ანანა“ ასრულებს. პროექტის დასრულების შემდეგ, 21-ე მიკრორაიონში 6 სააღმზრდელო ჯგუფსა და 200 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე ბაგა-ბაღი იქნება.

რაც შეეხება 32-ე საბავშვო ბაღს, მისი ენერგოეფექტური რეაბილიტაცია, პროექტის – ,, საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“ ფარგლებში, სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაციის (NEFCO) ხელშეწყობით ხორციელდება, რომელმაც საქართველოს მთავრობას, სასესხო-საგრანტო ხელშეკრულების თანახმად გამოუყო თანხა.

ენერგოეფექტური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება ბაგა-ბაღის სრული დათბუნება, იცვლება კარ-ფანჯრება და მიმდინარეობს ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი.