საოკუპაციო რეჟიმმა,საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილს სამი თვით პატიმრობა შეუფარდა

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ხვიჩა მღებრიშვილს სამი თვით პატიმრობა შეუფარდეს. ხვიჩა მღებრიშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ,რომ აღნიშნული უკანონო ქმედებაა,რაზეც პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. 

„აღნიშნული წარმოადგენს უკანონო ქმედებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. აღნიშნული ე.წ. „გადაწყვეტილება“ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე
მდგომარეობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ განაგრძობს მუშაობას ხვიჩა მღებრიშვილის გასათავისუფლებლად და აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას“, – აცხადებენ სუს-ში.

ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ,თეა ახვლედიანმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიღებული უკანონო გადაწტვეტილება მშვიდობას ხელს უშლის. 

„ამგვარი ქმედებები ცალსახად უშლის ხელს ადგილზე სტაბილურობის განმტკიცებას და მშვიდობას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ჩართულობით, როგორც ხვიჩა მღებრიშვილის, ასევე სხვა ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

 შეგახსენებთ,  საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ბრალად  ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებოდა.