საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 1177 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 955-ს შეადგენს.
ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის კოვიდისმიმღებ ცენტრებში 205 პაციენტი მკურნალობს.
UPDATE: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 6 შემთხვევიდან ერთი გაჩიანის „კლასტერს“ უკავშირდება, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 იმპორტირებული შემთხვევა და ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ასეთია – დღეს ჩვენ გვაქვს 6 ახალი შემთხვევა. დღეს დილის მონაცემებით, სულ ქვეყანაში დადასტურებულია 1177 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 955 ადამიანი. 6 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. ერთი უკავშირდება ე.წ. გაჩიანის კლასტერს, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა, მათგან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.