ტრანსგენდერი ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ე.ჩ. დააკავეს. მას ბრალად ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2 ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

“სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.