რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე მორიგ საპროტესტო აქციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოეხმაურა. ფონიჭალის მოსახლეობამ მათ სახლებთან ახლოს ავტომაგისტრალის შესაძლო მშენებლობა გააპროტესტა.
მათი განცხადებით, მთავრობის დაპირების მიუხედავად, მაგისტრალის მეორე მონაკვეთზე, სამუშაოები მათთან შეთანხმების გარეშე განახლდა. რაც მათ ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებს საფრთხეს უქმნის.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსახლეობას არაზუსტი ინფორმაცია ჰქონდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ სამუშაოები მაგისტრალის მეორე მონაკვეთზე არ განახლებულა. ასევე ადასტურებენ, რომ მეორე მონაკვეთზე სამუშაოების დაწყებამდე მოსახლეობასთან კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება.
ამ დროისთვის მშენებლობა მხოლოდ პირველ მონაკვეთზე მიმდინარეობს. კერძოდ, დაწყებულია გვირაბის მოწყობა.