ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა 8000 ლარით გაიზარდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის,თამარ გაბუნიას განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა 8000 ლარით გაიზარდა . ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო პაციენტის თანაგადახდის წილსაც დაფარავს.

 

„საბაზისო, მიზნობრივი (სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 000 ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, თავშესაფრების ბენეფიციარები და ა.შ) და ვეტერანის პაკეტის მოსარგებლეებს, ნაცვლად 12 000 ლარისა, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ 20 000 ლარის ღირებულების სერვისი.

ასაკობრივი (0-5 წლის ბავშვები, ასაკით პენსიონერები, შშმ ბავშვები, მკვეთრად შეზღუდული შმ პირები, სტუდენტები) პაკეტის მოსარგებლეებისთვის ნაცვლად 15 000 ლარისა, პროგრამით განსაზღვრული თანხა გახდა 23 000 ლარი. 

ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიას ემატება სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სამი ჯგუფი: მონოკლონალურ ანტისხეულები, პროტეინ-კინაზას ინჰიბიტორები და ბისფოსფონატები. მედიკამენტების ნუსხა დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით. ეს მედიკამენტები დღემდე სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული არ ყოფილა. ანაზღაურებული თანხის ოდენობის გაზრდასთან ერთად, სახელმწიფო დაფარავს პაციენტის თანაგადახდის წილს, ამდენად პაციენტისთვის ონკოლოგიური დაავადების ქიმიო, ჰორმონი და სხივური თერაპია, ასევე სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები იქნება სრულიად უფასო“, – განაცხადა გაბუნიამ.