მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, რისკების გათვალისწინებით, ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ.
„დღეს ჩვენ გვექნება ასევე საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენას, რადგან რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა გვაქვს, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო და ქვეყანა კვლავ მწვანე ზონად რჩება.
“ჩვენ, თავიდანვე, თანმიმდევრულად განვაცხადეთ, რომ ვირუსთან ბრძოლა შედგება რამდენიმე ეტაპისგან. რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი ამოცანა იყო შეკავება, რაც გულისხმობდა, ვირუსის, დროში სწრაფი გავრცელების მაქსიმალურად შეკავებას, ამას თავისი ლოგიკური ახსნა ჰქონდა და ეს გახლდათ ის, რომ მაშინ, არა თუ საქართველოში, მსოფლიოში ვირუსის შესახებ ცოდნა იყო მინიმალური, რა თქმა უნდა, რესურსებიც იყო მინიმალური და ჩვენ გვჭირდებოდა დროის მოგება, რაც თანმიმდევრულად და ეფექტურად განვახორციელეთ, რის შედეგადაც, მოგეხსენებათ, ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ეს საერთაშორისოდაც იყო აღიარებული და დღესაც აღიარებულია. დღესაც, საქართველო მწვანე ქვეყნად რჩება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.









