ქვეყნის მასშტაბით სტუდენტები აუდიტორიებში 19 ოქტომბერს დაბრუნდებიან. გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს უმღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის აქვს შემუშავებული რეკომენდაციები, რომელთა დაცვითაც მოუწევთ მათ სასწავლო პროცესის განახლება.
შემუშავებული წესების თანახმად, აუცილებელი იქნება სტუდენტთა, პედაგოგთა, თანამშრომელთა და სხვა პირთა დაშვება უსაფრთხო დისტანციის დაცვით; შესასვლელთან სავალდებულო იქნება თერმოსკრინინგი. ამასთან, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ დაწესებულებაში პედაგოგები/თანამშრომლები და სტუდენტები მხოლოდ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ნიღაბი, საჭიროების შემთხვევაში სახის ფარი/დამცავი სათვალე) დაუშვან. ამასთან, პედაგოგთა და სტუდენტთა ერთ-ერთ აუცილებელ ვალდებულებად ითვლება მუშაობის პერიოდში თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.
გარდა ამისა, სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს შორისაა:
- უზრუნველყავით საერთო სამუშაო ფართის ყოველდღიური დეზინფექცია;
- უზრუნველყავით სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების, კარების სახელურების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სანიტარული დამუშავება პერიოდულად (2 საათიანი ინტერვალებით);
- სასწავლო აუდიტორიებში მაგიდების/მერხების განლაგება, მიზანშეწონილია, მოხდეს იმგვარად, რომ სტუდენტები არ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ (სტუდენტებს) შორის უზრუნველყოფილი იყოს დისტანციის დაცვა;
- მაგიდების პირისპირ განლაგების აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყავით მაგიდებს შორის არანაკლებ 2 მ-იანი დისტანცია;
- ლექციის/სემინარის დროს პედაგოგს (როგორც სპიკერს) უნდა ეკეთოს პირბადე იმ შემთხვევაში, თუ მაგიდები განლაგებულია იმგვარად, რომ მასსა და სტუდენტებს შორის შეუძლებელია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.
- ამ წესის საილუსტრაციოდ, სასწავლო აუდიტორიებში აუცილებელია შესაბამისი სტიკერებით მოინიშნოს უსაფრთხო დისტანციის განმსაზღვრელი ადგილები.