რუსთავისა და გარდაბნის ოლქში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირმა ნადირაშვილმა ბრიფინგი გამართა.
როგორც ბრიფინგზე ნადირაშვილმა განაცხადა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში “ევროპული საქართველოს” ჯგუფს საარჩევნო სააგიტაციო კამპანიის წარმოებაში “ქართული ოცნების” აქტივისტებმა ხელი შეუშალეს.
“ინციდენტი მოხდა გარდაბნის რაიონში სოფელ ვაზიანში, სადაც ჩვენი შტაბის წარმომადგენლები, აქტივისტები ჩასულები იყვნენ და ავრცელებდნენ სააგიტაციო მასალას. ერთ-ერთ კორპუსთან იმართებოდა მცირე შეხვედრა მოსახლეობასთან ჩვენს აქტივისტებს აედევნა ავტომობილი შავი ჯიპი. ამ ავტომობილში ჩვენი ინფორმაციით იჯდა ბატონი ლევან მენახშირიშვილი. ჩვენი ინფორმაციით ის გახლავთ სახელმწიფოს წარმომადგენელი სოფელ ვაზიანში. ამ ადამიანმა დააორგანიზა აქტივისტები ქართული ოცნებიდან და მიუსია ჩვენს ჯგუფს.”,- განაცხადა ნადირაშვილმა.
ირმა ნადირაშვილმა შესაბამის ორგანოებს ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
” მე მინდა ვთხოვო შესაბამის ორგანოებს მიიღონ ზომები და გაარკვიონ როგორ მოხდა, რომ “ქართული ოცნების” აქტივისტები ესე აქტიურად ჩაერთნენ და ხელს უშლიდნენ “ევროპული საქართველოს ჯგუფს, რომელიც ატარებდა წინასაარჩევნო კამპანიას და ავრცელებდა სააგიტაციო მასალას”,- განაცხადა მაჟორიტარი -დეპუტატობის კანდიდატმა.
საკითხთან დაკავშირებით, “TV4” გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. მერიაში აცხადებენ, რომ ლევან მენახშირიშვილი სოფელ ვაზიანში სპეციალისტის პოზიციას იკავებს.