რუსთავის სკოლებში სწავლას 2 296 პირველკლასელი დაიწყებს

რუსთავის საჯარო სკოლებში სწავლას 2 296 პირველკლასელი დაიწყებს. როგორც TV4-ს რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს, 2020-2021 სასწავლო წელს პირველკლასელთა საერთო რაოდენობა 2 296-ს შეადგენს, აქედან საჯარო სკოლაში 2 196, ხოლო კერძოში 100 ბავშვი მივა.


ცნობისთვის, როგორც დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, სასწავლო პროცესი გეგმის მიხედვით წარიმართება.

მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად მთავრობა სისტემურ შეზღუდვებსა და ჩაკეტვებს არ გეგმავს, არამედ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელებს მიზნობრივ, ლოკალურ ღონისძიებებს.

„სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ. ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძიება, ქმედება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, იქნება მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური გადაკეტვები, სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება. მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოყვება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემი. ამიტომ ვირუსის გავრცელება ნორმალური ცხოვრების პირობებში რომ იყოს შედარებით დაბალი, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და დავიბანოთ ხელი უფრო ხშირად“, – აღნიშნა გახარიამ.