შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს საზღვარზე უფლება მიეცემა, შენგენის ზონის მიმართულებით მიმავალი მგზავრი არ გაუშვას. კანონპროექტი მესამე მოსმენით, 74 ხმით არცერთის წინააღმდეგ, დღეს, 2 სექტემბერს პარლამენტმა დაამტკიცა.
ცვლილება შევიდა საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და შემოსვლის წესების შესახებ კანონში. პროექტში ჩაიწერა, რომ მოქალაქეს შეიძლება უარი უთხრან ქვეყნიდან დროებითი გასვლისთვის პასპორტის გაცემაზე, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ იგი:
- იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ;
- წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს.
აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ
- საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა;
- საქართველოს მოქალაქე არ წარადგენს: ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ ბიომეტრიულ პასპორტს;
- არ წარადგენს ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დასატოვებლად საჭირო, ვარგის სამგზავრო ბილეთს ან ჯავშანს;
- არ წარადგენს ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მდებარე სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს; ამ სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა სათანადო დოკუმენტს ან კანონიერად მცხოვრები მასპინძლის თანხმობას;
- არ წარადგენს ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს;
- არ წარადგენს მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას.
კანონპროექტი 2018 წლის აპრილშია ინიცირებული.