სკოლებში სამედიცინო პუნქტები განთავსდება

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის განცხადებით, საჯარო სკოლებში 2023 წლამდე სამედიცინო პუნქტები უნდა განთავსდეს.

მისივე თქმით, ინიციატივის მიხედვით, ექიმის ფუნქცია-მოვალეობები მრავალფეროვანი გახდება. ექიმს  ჰიგიენის ნორმების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვაც მოუწევს.

 როგორც ეკა დგებუაძემ აღნიშნა, პროცესი 2020 წლიდან დაიწყო.

“მუშავდება ახალი ექიმის სტანდარტი, მისი ფუნქციები კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანი ხდება. მოგეხსენებათ, სკოლებში ჰიგიენა-სანიტარიის მიმართულებით, სკოლის მოვლა-პატრონობის ნაწილში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება, ასევე ექიმის ფუნქციები კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება.

ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვითანამშრომლეთ აქტიურად, როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტთან, შესაბამის კომიტეტთან და სწორედ ის ჩანაწერი, რომლის ინიცირებაც მოხდა, შეთანხმებულია.

ეს პროცესი დაწყებულია დაახლოებით 2020 წლის თებერვლის თვიდან, რადგან ექიმის ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც დღეს არსებობს, უნდა გასცდეს იმ ვალდებულებას, რომელიც დღეს აკისრია ექიმს სკოლაში“, – განაცხადა დგებუაძემ.