ფქვილი 2-3 ლარით გაძვირდა

რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი კვლავ იზრდება. სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე, ფასმა 23 დოლარით მოიმატა.

რუსული მედიის ინფორმაციით, თუ სექტემბრის პირველ კვირაში რუსეთში ხორბლის ღირებულება 212 დოლარი იყო, დღეს მისი ფასი 235 აშშ-ია. 

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა, რომ ფქვილის ფასის ზრდა სრულად ლარის კურსზეა დამოკიდებული.

“გასულ წელთან შედარებით, მოთხოვნა 30%-ით არის გაზრდილი რუსულ ხორბალზე. ეს, სავარაუდოდ, პანდემიის გამო შიშს უკავშირდება, რის გამოც ქვეყნები აკეთებენ მარაგებს. შედეგად კი მათი საექსპორტო ხორბლის ღირებულება გაიზარდა იმდენად, რომ გაუთანაბრდა ევროპაში ყველაზე ძვირადღირებულ და მოთხოვნად, ფრანგული ხორბლის ფასს. 

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ფასი მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე კი არა, ლარის კურსზეცაა დამოკიდებული, ამიტომ ძალიან რთული სათქმელია, რა იქნება მომავალში. ამ ეტაპზე კი 1 ტომარა, პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 2-3 ლარითაა მომატებული და 49-53 ლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ლარი გაუფასურებას არ გააგრძელებს, ამ ფასის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. “.

შეგახსენებთ, საქართველო სრულად იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული. კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველო 100%-ით რუსულ ხორბალს მოიხმარს. 2020 წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული 314 588 ათასი ტონა ხორბლის 100% რუსული იყო.