საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებგვერდზე განახლდა ბანერი „საარჩევნო რუკა“, სადაც ეტლით მოსარგებლე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მიიღოს დეტალური ინფორმაცია ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ და სურვილის შემთხვევაში, თავად აირჩიოს, რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
ცესკო-ს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 1 118 საარჩევნო უბნის შესახებ.
როგორც ცესკო-ში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისია წლებია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნასა და არჩევნებში მათ მონაწილეობას.
“ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი, რომელიც მოითხოვს ადაპტირებულ უბანზე ხმის მიცემას, შეიყვანება იმ უბნის სპეციალურ სიაში, ხოლო როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ისე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი.
ვინაიდან წელს პირველად, პარლამენტის არჩევნებზე იქნება შესაძლებელი ამ უფლების გამოყენება, ცესკო მიმართავს ეტლით მოსარგებლე პირებს, ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საარჩევნო რუკით, შეარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ შესაბამის საარჩევნო კომისიას, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს“, – განაცხადა პრესსპიკერმა.