“ავერსის” 50 თანამშრომლის ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი

“ავერსის” კლინიკების ქსელის რუსთავის ფილიალში კორონავირუსი ორ ექიმს დაუდასტურდა, 50-მდე თანამშრომელს “პისიარ” ტესტირება ჩაუტარდა და შედეგები ხვალ გახდება ცნობილი. 

როგორც  „ავერსის“ კლინიკების ქსელის ეპიდემიოლოგმა ეკა მამალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თანამშრომლების ნაწილი ოჯახის წევრებთან ერთად 28-30 აგვისტოს აჭარის რეგიონში ექსკურსიაზე იმყოფებოდა, მათგან ერთი ქუთაისში წავიდა, სადაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა და ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდგინდა. მეორე თანამშრომელი ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრა, სადაც საეჭვო სიმტპომების გამო,ტესტი ჩაუტარდა. 

“ყველა თანამშრომელს, რომელიც იმყოფებოდა ექსკურსიაზე, ლუგარის ცენტრში ჩაუტარდა ტესტირება. რაც შეეხება „ავერსის“ რუსთავის ფილიალს, ჩვენ გავატარეთ პრევენციული ღონისძიებები. ვინც ექსკურსიიდან დაბრუნდა კლინიკაში არ მოსულან, თანამშრომლებს გეგმურად ჩაუტარდათ ტესტირება და ასევე დღეს ჩავატარეთ დანარჩენი ყველა თანამშრომლის ტესტირება.

კლინიკაში დღეისათვის ფუნქციონირებს ის სერვისები, რომლის სპეციალისტებიც არიან გატესტილები და მათი შედეგები გვაქვს უარყოფითი. ექსკურსიაზე იყო დაახლოებით 15 ადამიანი, მაგრამ მათგან ზოგი ოჯახის წევრია. ბევრ მათგანს შვებულება ჰქონდა და კლინიკაში არ მოსულა. ერთი სასტუმრო „ოაზისში“ მივიდა ექსკურსიის შემდეგ და ეს არის ცნობილი შემთხევევა, რომელსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა.

დაველოდებით დღევანდელი ტესტირების შედეგებს და ამის შემდეგ გადაწყდება, დაიკეტება თუ არა კლინიკა“, – განაცხადა „ავერსის“ კლინიკების ქსელის ეპიდემიოლოგმა ეკა მამალაძემ.