ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა – ავტომობილს ბავშვის მამა მართავდა

გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა. მანქანას ბავშვის მამა მართავდა.

თვითმხილველების თქმით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას მართვისას 12 წლის შვილი კალთაში ეჯდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა, თუმცა მედპერსონალის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას ბავშვი გარდაცვლილი იყო. თავად ავტომობილის მძღოლს კი დაზიანებები არ მიუღია.

ამ წუთებში ადგილზე შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.