ბათუმის მოხუცთა თავშესაფრში კორონავირუსი 35 პირს დაუდასტურდა

ბათუმში მოხუცთა თავშესაფრის 25 ბენეფიციარს და 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც თავშესაფრის დირექტორმა დეკანოზმა იოანე ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, pcr ტესტი ჩაუტარდა კიდევ 5 ბენეფიციარს, თუმცა პასუხები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

“30 ბენეფიციარი გვყავს გადაყვანილი საავადმყოფოში. მათგან 25-ს აქვს დადასტურებული, 5-ის პასუხს ველოდებით. სამწუხაროდ გვყავს ასევე 10 დაინფიცირებული თანამშრომელი, რომლებიც გადაყვანილი არიან საკარანტინე სასტუმროში”, – განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, დაწესებულება 2 სექტემბრის შემდეგ კარანტინის რეჟიმზე გადავიდა, 10 სექტემბრიდან კი, ყველა მობინადრე და თანამშრომელი თვითიზოლაციაში იყო.

“ჩვენ ვაგრძელებთ საკარანტინე და თვითიზოლაციაში ცხოვრების წესს. ამჟამად გვყავს 90 მობინადრე. მჭიდრო კავშირი გვაქვს ეპიდემიოლოგებთან. ვცდილობთ, რომ ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად დავიცვათ, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ფაქტის წინაშე დავდექით”, – განაცხადა თავშესაფრის დირექტორმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 8 664 PCR ტესტი ჩატარდა.