ბრალდებულმა დაზარალებულის ანგარიშიდან 9 190 ლარი გადაირიცხა

პოლიციამ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. 

სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული პირი  თბილისში დააკავეს. მას ბრალად კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და ქურდობა ედება. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

” გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28 ივნისს ვ.შ.-მ უნებართვოდ შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის სარგებლობაში არსებულ, ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ ანგარიშზე, სადაც აღნიშნულ მოქალაქეს მიბმული ჰქონდა „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათი. ბრალდებულმა დაზარალებულის ანგარიშიდან საკუთარ საბანკო პლასტიკურ ბარათზე უკანონოდ გადმოირიცხა 9 190 ლარი, რის შემდეგაც ვ.შ.-მ დანაშაულებრივი გზით მითვისებული თანხა გაანაღდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი  ზიანი გამოიწვია.” –  ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.