გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მეორე მოსმენისთვის განიხილა.
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად.
მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ინიციატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომიტეტის მხარდაჭერა.
„საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცესში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა დეტალურად განგვეხილა თითოეული საკითხი, რომელსაც კანონი არეგულირებს. ეს არის აბსოლუტურად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვით სფეროში და ეს იქნება კანონი, რომელიც სრულიად ახლებურად დაარეგულირებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხებს, სწორედ ისე, როგორც ამას ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილება ითვალისწინებს. კანონპროექტი გაზრდის კერძო სექტორის მხრიდან პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას და სახელმწიფოს აღსრულების სისტემას გახდის იმაზე უფრო ეფექტიანს, ვიდრე ეს დღეს არის“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს კანონპროექტში ტერმინოლოგიური თვალსაზრისით და ასევე, მის პროცედურულ ნაწილში შეტანილი ცვლილებები გააცნო.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.