ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური პანდემია გამოწვევაა, რომელთან ერთად ცხოვრებაც როგორც ჩანს, შემდგომი წელიწადი, წელიწადნახევარი მოგვიწევს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მთავრობის ძირითადი ამოცანა ახლა რისკების მართვაა.
“გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაკეთდა 7186 ტესტი, რომელზეც პასუხები დღის მეორე ნახევარში გვექნება, რაც ეპიდემიოლოგიურ სურათს უკეთესად დაგვანახებს. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სწორად ვმართოთ რისკები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა.
ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმატებები და საქართველო დღეს აღიარებულია ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად ეპიდემიის რისკების მართვისა და ეკონომიკური რისკების შემსუბუქების კუთხით”, – აღნიშნა პრემიერმა.