არ გვაქვს საფუძველი, რომ საქართველოს მასშტაბით ტესტირება გავზარდოთ 10 000-მდე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტებთან შეთანხმებით, ტესტირება არამხოლოდ 10 000-მდე, არამედ 15-20 ათასამდე გაიზრდება.
„ არ გვაქვს საფუძველი, რომ საქართველოს მასშტაბით ტესტირება გავზარდოთ 10 000-მდე. თუმცა, აჭარაში დადგა საჭიროება, გაგვეზარდა ტესტირება. რა თქმა უნდა, მივიღეთ გადაწყვეტილება და აჭარაში გაიზარდა ტესტირება.
ამ რიცხვებზე დაყრდნობით, ეპიდემიოლოგებსა და შესაბამის სპეციალისტებზე დაყრდნობით, მათთან შეთანხმებით, ტესტირება გაიზრდება არა მხოლოდ 10 000-მდე, არამედ 15-20 ათასამდე.
დღესდღეობით, იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოშია, სეროპრევალენტობის კვლევიდან გამომდინარე, რომელიც ლუგარის ცენტრმა ჩაატარა, ჩვენ არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ დღევანდელ რეჟიმში ტექსტირება გავზარდოთ 10 000-მდე. თუმცა, შეიძლება, დადგეს მომენტი, დღეს თუ 8 000-ზე მეტ ადამიანს ვტესტავთ, შეიძლება, გახდეს ორჯერ უფრო მეტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.