„ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, რომელსაც დილის საათებში თავს დაესხნენ, ოპერაცია უტარდება.
როგორც დაზარალებულის დედამ Tv4-ს განუცხადა, ინციდენტის შესახებ სატელევიზიო ეთერით შეიტყო. ნატალია გოგოლაძე თავდასხმის ფაქტს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.
“მე არაფერი არ ვიცი კონკრეტულად, უბრალოდ შევატყვე , ჩავრთე ქრონიკა და დავინახე ჩემი შვილი სასწრაფოს მანქანაში, შიგნით იყო, არ ამბობდნენ სახელს და გვარს, უბრალოდ ვიცანი, მერე მანქანაც ვიცანი და წამოვედი აქ.
ეს არჩევნებია მოტივი, სხვა რა უნდა იყოს. მარტო იყო, მიდიოდა სამსახურში სახლიდან, როცა დაეჯახნენ უკნიდან, მოხდა მერე რაც მოხდა. გუშინ დაიძაბა ძალიან, სხვა მხრივ რა უნდა ყოფილიყო, ჩემი შვილი მუშაობდა.
ახლა უტარდება ოპერაცია, მრავლობითი ოპერაცია აქვს სახეზე, სხვა ყველაფერი წესრიგშია. ვნახე ჩემი შვილი, ვესაუბრე.
რთული არ იქნება იმ თავდამსხმელების ამოცნობა, იმიტომ, რომ ის მონაკვეთი გზის მარნეულისკენ სადაც ვცხოვრობთ ჩვენ, ყველამ იცის, რომ დაყენებულია კამერები. აქედან ჩანს, რომ ვინც ეს ყველაფერი გააკეთა არ იცის, რომ არის კამერები და ძალიან ცუდად შეურჩევია ადგილები” ამბობს ნატალია გოგოლაძე.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, თემურ შუბითიძეს, რომელიც მარნეულში, სამსახურში მიდიოდა, გზაში თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მის ავტომობილს მანქანა განზრახ დააჯახეს, რის შემდეგაც, სამმა პირმა მას სასტიკად სცემა.







