ვრცელდება თუ არა 200 კაციანი შეზღუდვა საარჩევნო ღონისძიებებზე?!

 დღეს კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით 200-კაციანი შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ ეხება, -ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა , ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.  

მისივე განმარტებით, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების წესები მკაცრად გაკონტროლდება.

 

„ვაცნობიერებთ იმას, რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და რა თქმა უნდა, ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ჩამოვთვალე,  ვგულისხმობ შეზღუდვებს, რომელიც ეხება კულუტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, რომელზეც დავაწესეთ 200-კაციანი შეზღუდვა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. 

უბრალოდ, გვსურს საარჩევნო სუბიექტებს მოვუწოდოთ, რომ გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან წესები, რაც გულისხმობს, როგორც 2-მეტრიანი დისტანციის დაცვას, ასევე ყველა იმ ადგილას, სადაც პირბადეების ტარება სავალდებულოა და მთავრობის დადგენილებით დაწესებული არის შესაბამისი მოთხოვნა, ეს წესები მაქსიმალურად დაიცვან.” -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა 

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყება ეპიდემიოლოგებთან ერთად , ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესს რისკები არ შეექმნას. 

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის  საერთაშორისო პარტნიორებთან და ცესკო-სთან მუშაობა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ხვალიდან, 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით, კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება.