რუსთავის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. პროექტის ფარგლებში, 15 სკოლაში სველი წერტილები, ერთში კი გათბობის სისტემა რეაბილიტირდება. სარეაბილიტაციო სამუშოები სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა დასრულდეს.
როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში TV4-ს განუცხადეს, სამუშაოები ცხრა სკოლაში უკვე დასრულდა.
შეგახსენებთ, სკოლებში სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
” ამ 16-ვე სკოლის საერთო სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 1 მლნ 430 ათას ლარს. აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული რამდენიმე კომპანია. აღნიშნული სამუშაოების უმეტესი ნაწილი უკვე დასრულებულია სკოლებში, ხოლო დარჩენილი სამუშაოები დასრულდება ამ თვის ბოლოს და სასწავლო პროცესს არანაირ შეფერხებას არ შეუშლის“, – განაცხადა ზაზა ზაზაძემ.
რაც შეეხება ქალაქის სააღმზრდელო დაწესებულებებს, სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან ერთად, ბაღებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.
“სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 1 ოქტომბერს უნდა განახლდეს. ამ წუთისთვის რამდენიმე საბავშვო ფილიალში მიმდინარეობს მცირე სარეაბილიტაციო სამუშოები. წელს ძალიან დიდი საქმე გაკეთდა, ფანჯრები გამოიცვალა და ასევე დამონტაჟდა გათბობის სისტემები. ცენტრალიზებული გვექნება ამის შემდეგ ყველა ფილიალში გათბობა და აი ეს სამუშაოები უკვე მიწურულისკენ არის. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მშობელმა ბაღში არ უნდა მოიყვანოს სიცხიანი ბავშვი”, – განაცხადა ეკა ხუციშვილმა.