კობა გვენეტაძე : როდის დაუბრუნდება ლარი მის წონასწორულ ნიშნულს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ლარის კურსი მის წონასწორულ ნიშნულს  პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ასევე ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ დაუბრუნდება.

კობა გვენეტაძე სებ-ის ინტერვენციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და განმარტავს, რომ ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება არაა და ის ბაზრისთვის უცხოური ვალუტის მიწოდებას ემსახურება.

„ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები: „ეროვნულმა ბანკმა XX მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც ვერ გაამყარა“. ეს არასწორია. მსურს განვმარტო, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ჩვენნაირი მცირე, ღია ეკონომიკისთვის ოპტიმალური არჩევანია. პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის. ამჟამინდელი ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა. მიუხედავად იმისა, რომ მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად არის ამა თუ იმ ვალუტის წონასწორული კურსი, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება. სასურველია გავიაზროთ, რომ, როგორც მთელი მსოფლიო, ასევე საქართველო, უპრეცედენტოდ რთულ პერიოდს გადის. ამ გამოწვევის წინააღმდეგ სწორი ნაბიჯების გადადგმით – რისი გამოცდილებაც ეროვნულ ბანკს აქვს – ამ კრიზისს მინიმალური დანახარჯებით გადავლახავთ” – წერს კობა გვენეტაძე.