საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა
გარდაცვლილი 54 წლის მამაკაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 ივლისს შეიყვანეს. პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
„პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში შეყვანილი იქნა 20 სექტემბერს 15:45 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება.
პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში.
მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდუკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 25 სექტემბერს 10:00 საათზე”,- აცხადებენ უწყებაში.
ამასთან, კორონავირუსის ახალი 265 შემთხვევიდან 168 აჭარაში გამოვლინდა.
ამ დროისთვის რეგიონის რვა კლინიკაში 486 პირი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში – 812, ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 300-მდე ინფიცირებული.
დღეს რეგიონში კოვიდსასტუმრო 39-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.