მაშველებმა შატილიდან დაშავებული მამაკაცი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მამაკაცმა დუშეთში, სოფელი შატილში, სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
ადგილობრივი ექიმის ინფორმაციით, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე საჭირო იყო პაციენტის სასწრაფოდ გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
“აღნიშნულის გათვალისწინებით, პაციენტის გადმოსაყვანად უმოკლეს დროში, შატილის მიმართულებით გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები და ექიმები”, – აღნიშნულია განცხადებაში
პაციენტი გადაყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.