მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები განახლდა

 ოფიციალური სომხეთი და ოფიციალური აზერბაიჯანი ავრცელებენ ცნობებს მთიან ყარაბაღში განახლებული სამხედრო მოქმედებების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, საომარი შეტაკებების შედეგად არის მსხვერპლი, განადგურებულია აზერბაიჯანის კუთვნილი ორი ვერტმფრენი და სამი უპილოტო საფრენი აპარატი.

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში, არცახის ისტორიულ პროვინციაში სამხედრო იერიში აზერბაიჯანმა მიიტანა.

“მტერმა არცახის რეგიონზე იერიში მიიტანა. თავდაცვის არმია თავდასხმას წარმატებით უმკლავდება. მოგიწოდებთ, ენდოთ ინფორმაციიის მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს”- წერს ფაშინიანი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ვრცელდება ინფორმაცია ყარაბაღის ტერიტორიაზე ბრძოლების შედეგად აზერბაიჯანის კუთვნილი ორი ვერტმფრენის და სამი უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ.

თვითგამოცხადებული ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, ვაგრამ პოღოსიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებები 27 სექტემბრის დილით დაიწყო, დაიბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტში. სოციალურ მედიაში ვრცელდება ქუჩებში საომარი ტექნიკის გადაადგილების კადრები.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო მზადაა, ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას.

„შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება. იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და თავიდან აცილება ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

საქართველო მოუწოდებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო აქტორებს, მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისთვის. ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა, ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.