ნათია თურნავა – უახლოეს ორ წელში “გარდაბანი 3” აშენდება

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს ორ წელში გარდაბნის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური “გარდაბანი 3” აშენდება, რომლისთვისაც საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

მინისტრმა ამის შესახებ “ენერგეტიკოსის დღესთან” დაკავშირებით, დღეს გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

“გარდაბანი სამი” ეს არის მესამე კომბინირებული ციკლის უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოსადგური, რომელიც ამ ტერიტორიაზე აშენდება აშენდება ნავთობისა და გაზის კორპორაციის რესურსით, უკვე გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი მშენებლობაზე და ყველაფერი მოხდება ძალიან დროულად, უახლოეს 2 წელიწადში აქ კიდევ ერთი ახალი სადგური აშენდება,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

​ობიექტის მშენებლობის მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.

“ჩვენ ვიმყოფებით გარდაბანში, სადაც “გარდაბანი 1” და “გარდაბანი ორი” სულ ახლახან ჩაირთო ენერგეტიკულ სიმძლავრეებში და თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ ობიექტს და ისიც აღინიშნა, რომ გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი და გარდაბანში უახლოეს დროში დაიწყება ახალი მძლავრი ენერგეტიკული ობიექტის მშენებლობა, რაც იქნება კიდევ უფრო მძლავრი გარანტი ქვეყნის სუვერენიტეტის დამოუკიდებლობის და ენერგეტიკული სიძლიერის და ასევე, იქნება წყარო ადგილობრივი ბიუჯეტისთვის და წყარო ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის,” – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ენერგეტიკოსთა დღე აღინიშნება – ამ დღესთან დაკავშირებით,  „გარდაბნის თბოელექტროსადგურის“ ტერიტორიაზე ღონისძიება გაიმართა.