ნინო ლაცაბიძე რუსთავის ე.წ ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსს ესტუმრა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, რუსთავში, ე.წ ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსს ესტუმრა და იმ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს გაეცნო, რომლებიც რუსთაველ სპორტსმენებს , წლების განმავლობაში, აწუხებთ.

“ამ კედლებმა არაერთი სპორტსმენი აღზარდა. მოვუწოდებ, როგორც ჩემს მეგობრებს, ასევე ნებისმიერ ბიზნესს, რომ უფრო მეტად ჩაერთონ და გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რომ ქალაქში უფრო მეტად იყოს განვითარებული სპორტი და სპორტული მიმართულებები.

ჩვენ დღესვე დავიწყებთ აქტიურად, რომ ჩავრთოთ სხვადასხვა ბიზნეს წარმომადგენლები და მათ ვთხოვოთ, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში მიიღონ მონაწილეობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლეს მომავალში აქ გაუმჯობესდება ის ინფრასტრუქტურა, რასაც დღეს სამწუხაროდ ვხედავთ, არ გვაკმაყოფილებს და გვინდა, რომ კიდევ უფრო უკეთესი იყოს”, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

შეხვედრაზე სპორტკომპლექსის მენეჯერი და მთავარი მწვრთნელიც იმყოფებოდნენ. სოსო არეშიძე და ანატოლი ბოისა იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალში ე.წ ქიმიკოსთა სპორტულ დარბაზში უკეთესი პირობები შეიქმნება.

“მოხარული ვარ, რომ ქიმიკოსთა სპორტის სასახლეს ესტუმრა ქალბატონი ნინო, გაეცნო არსებულ პრობლემებს და ყველანაირად გამოხატა გვერდში დგომა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველანაირი პრობლემა დადებითად მოგვარდება” – აღნიშნა ანატოლი ბოისამ.