” ჩვენ გვყვავს პასუხისმგებლიანი ბიზნესი, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტს ახლავს ბიზნესმენების მზაობა, რომ მათ შეასრულონ აქ აღწერილი ძირითადი პრინციპები და მათ იზრუნონ გარემოზე , თავიანთი საქმიანობის ფარგლებში” – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
წილოსანმა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს.
მისი თქმით, ეკოლოგიის დაცვა ბიზნეს სუბიექტების ვალდებულებაა და თუ ზიანი დადგება, პასუხისმგებლობა სწორედ, ბიზნეს სუბიექტებს უნდა დაეკისროთ.
როგორც ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ბიზნეს სუბიექტები, გარემოზე მიყენებული ზიანისთვის, თავიანთი საქმიანობის ფარგლებში, პასუხისმგებლობის აღების მზაობას გამოთქვამენ.
“ეს არის სწორი მიდგომა, ასეთი პასუხისმგებლიანი ბიზნესი არის დასავლურ ქვეყნებში, იმ ქვეყნებში, რომელიც მოგვწონს და რომლისკენაც ვისწრაფვით. ჩვენ გვყვავს პასუხისმგებლიანი ბიზნესი, ამ კანონპროექტს ახლავს ბიზნესმენების მზაობა”- ამბობს ნინო წილოსანი.